ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 10

“აღმოაჩინე უძველესი დმანისი” – სოფ. უკანგორი “ორკარა საყდარი”- V – VI სს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას.
რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია.
აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

სოფ. უკანგორის “ორკარა საყდარი”- V – VI სს.
დარბაზული ტიპის ნაგებობა, სამხრეთის თანადროული ეკვდერით ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ტაძარს აქვს ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი ნაოთხალიანია და მათ თავზე სარკმელებია მოთავსებული.
შიდა სივრცეში დარბაზის გეგმა სწორკუთხედია, რომელიც გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად, პილონებითა და კამარის საბჯენი თაღით. დარბაზი მკვეთრად არის გამოყოფილი საკურთხევლისგან აბსიდის მხრებითა და ერთსაფეხურიანი ამბიონით. აბსიდის მოხაზულობა ოდნავ ნალისებურია. საკურთხეველი ნათდება მაღალი თაღოვანი სარკმლით, რომლის ქვეშ კედელთან ქვის ტრაპეზია მიდგმული.
ეკვდერი გეგმაში მართკუთხაა და დარბაზთან დაკავშირებულია არქიტრავული კარის ღიობით. ეკვდერს აქვს ერთი ვიწრო სარკმელი აღმოსავლეთ კედელში. კედლები ორივე მხრიდან შემოსილია მოყვითალო ფერის თლილი, ძირითადად დიდი ზომის კვადრებით, დაცულია თარაზული წყობა. საკურთხევლის სარკმლის ღიობში გარედან ჩადგმულია ჯვარი.
ეკლესიის სიძველეზე მიგვანიშნებს: სქელი კედლები, ეკვდერისა და საკურთხევლის პარალელურობა.
ძეგლის ირგვლივ სასაფლაოა. არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1936-37 წ.წ. აქ ნაპოვნი იყო ორი კუბის ფორმის წარწერიანი კვარცხლბეკი, სადაც მოხსენიებულია სპარსული სახელი “თათვარაზ” და “პეტრე ხუცესი”. წარწერების სიძველიდან გამომდინარე სოფ. უკანგორის “ორკარა საყდარს” ერთერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიებს შორის.
წარწერა- “მე, თათვარაზ აღვმართე ესე ჯვარი, სახელითა ღმრთისაითა, შეწევნითა იესო ქრისტესითა. და რომელმან თაყვანისცეთ, ლოცუასა მომიხსენეთ”.

გააზიარე :

"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. უკანგორი "ორკარა საყდარი"- V - VI სს.

სოფ. უკანგორის "ორკარა საყდარი"- V - VI სს. დარბაზული ტიპის ნაგებობა, სამხრეთის თანადროული ეკვდერით ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ტაძარს აქვს ორი შესასვლელი - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი ნაოთხალიანია და მათ თავზე სარკმელებია მოთავსებული. შიდა სივრცეში დარბაზის გეგმა სწორკუთხედია, რომელიც გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად, პილონებითა და კამარის საბჯენი თაღით. დარბაზი მკვეთრად არის გამოყოფილი საკურთხევლისგან აბსიდის მხრებითა და ერთსაფეხურიანი ამბიონით. აბსიდის მოხაზულობა ოდნავ ნალისებურია. საკურთხეველი ნათდება მაღალი თაღოვანი სარკმლით, რომლის ქვეშ კედელთან ქვის ტრაპეზია მიდგმული.